მოვალ
და როცა ტალღა გაარღვევს საზღვარს
მე მაშინ უფრო მომენატრები,
რადგან ზღვისფერი სხვის თვალებს არ ჰგავს
მე ზღვის ფერიად მომელანდები.
თეთრი მთვარე ხომ გიმშვენებს კისერს
ვით ყელსაბამი მარგალიტისა,
მას დაამშვენებ კვლავ ვიცი ისევ,
როგორც ვარსკვლავი მშვენია ცისა.
და როცა ქარი გაფანტავს ფოთლებს,
ხის გაზრდილ შვილებს გააფრენს ველად,
ვიცი მე მაშინ რომ მომიგონებ
და ცრემლს დაუშვებ მიწაზე ნელად.
მე მაშინ მოვალ, მე ქარად მოვალ,
ვეამბორები შენს ხვეულ ნაწნავს,
გპირდები მოვალ, მე მაინც მოვალ
მე მოვალ თოვლად დარდებს რომ ფანტავს.
და როცა იგრძნობ რომ ტალღა არღვევს
ზღვის და ნაპირის დაწყევლილ საზღვარს,
იცნობ რომ შენ ხარ ზღვისფერი ტალღა
მე კი ნაპირი გიამბობ ზღაპარს.
და როცა ტალღა გაარღვევს საზღვარს,
მე მაშინ უფრო მომენატრები,
რადგან ზღვისფერი სხვის თვალებს არ ჰგავს
მე ზღვის ფერიად მომელანდები.
დავით დელგმა



Comments
Post a Comment